16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირაკლი მელაშვილი: სააკაშვილმა იცის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კოალიცია არ აინტერესებს

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის კოალიციური მმართველობა მიუღებელია, რადგან ასეთია მისი მენტალობა.

„მიშამ იცის კარგად, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კოალიცია არ აინტერესებს. მიშამ რაც დაწერა კოალიციაზე ეს მისი მენტალობაა, მისთვის პარტნიორი არ არსებობს, მისთვის არის მთავარი, რომ მას უნდა დაემორჩილონ. ესე იგი უნდა იყიდოს, კოალიცია მისთვის არის ყიდვა და კორუფციული გარიგება.

კარგი მოხდა, რომ მიშამ ეს დაწერა, ღიად თქვა. ჩვენ, ვისაც მასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გვქონდა, ვიცოდით, ვამბობდით: რა კოალიცია, ამ კაცის ხელში? ყველას აქვს თავისი არჩევანი, ვინც ამ გზაზე მიდის, ეს ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს ისევ ავტორიტარიზმს საქართველოში, ერთი ბელადი შევცვალოთ მეორით. კარგია, რომ ეს ღიაა, დანარჩენი ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილმა გადაცემაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობის გარეშე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკეთებს.

„ივანიშვილს ჰქონდა იმედი, რომ თუ საქართველო შეწყვეტდა ანტირუსულ რიტორიკას, რაღაცები მოგვარდება. ამის ილუზია არსებობდა, აბსოლუტურად საბჭოთა შეხედულება ჰქონდათ დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაზე. მიაჩნდა, რომ თუ ევროპას დაარტყამდა, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ მაინც არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ რეზოლუციები მიიღონ და იჭაჭყანონ, ეგონათ რომ ეს შედეგს გამოიღებდა[რუსეთთან ურთიერთობაში]. მაგრამ როდესაც რუსეთთან დიალოგზეა ლაპარაკი, პირველი, ვისაც არ სურს რუსეთთან დიალოგი, არის საქართველოს ხელისუფლება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდება, რომ [ეს არის] ბლეფი. მოსახლეობაში იმედს აჩენდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ლაგდება.

ან მოუწევთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და დათმობა, რასაც ვერ შეძლებს, ან რუსეთთან უკვე დატაკებულია. რუსეთი არასდროს არ ყოფილა ივანიშვილის პოლიტიკით აღფრთოვანებული. რუსეთისგან ათი წელია მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობა აღსადგენად, ველოდებით ქართულ მხარეს, მაგრამ ქართული მხარე ამას ვერ აკეთებს, რადგან რაც ამაში უნდა მიიღონ, იმას რუსეთი არ იძლევა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ამ “ცოლ-ქმარს”, ჩერგო-ბოკერიას ოდესმე ხმას მისცემს
შემდეგი სტატია“საავიაციო საწვავის გაძვირების გამო Georgian Airways რეისების ოპტიმიზაციას იწყებს”