7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ირაკლი მელაშვილი: “ოცნების” ფულიან წევრებს ივანიშვილისგან გარანტიები სჭირდებათ

ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მთავარი მიზეზი მმართველ გუნდში არსებული გაურკვევლობა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან გარანტიების მოთხოვნაა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ სტუმრობისას მელაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობასა და ფინანსურ ჯგუფებს პასუხები სჭირდებოდათ ორ ძირითად საკითხზე: გუნდის შიდა დაპირისპირებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით ქართული კომპანიების დასანქცირების ფონზე.

„შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ფულიან წევრებს, რომლებსაც მსხვილი ბიზნესები აქვთ, გარანტიები უშუალოდ ივანიშვილისგან სჭირდებოდათ და არა კობახიძისგან. ხალხმა უნდა იცოდეს, კობახიძე-ღარიბაშვილის ჭიდილში ვისი მხარე დაიჭიროს. მეორე თემა რუსეთთან ურთიერთობაა — რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქართული კომპანია დასანქცირდა, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უმრავლესობას უნდოდა ბიძინასგან გაეგო, რა ხდება“, — განაცხადა ანალიტიკოსმა.

ექსპერტი ასევე შეეხო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს და მას ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი უწოდა.

„სარჩელში წერია, რომ პარტია შეიძლება აიკრძალოს მაშინ, როდესაც მას მხარდამჭერები გაუჩნდება. ეს არის პირდაპირი საფუძველი, რომ მმართველი პარტია გამოცხადდეს ავტორიტარულ ძალად. მომავალში ეს შესაძლოა თავად „ქართული ოცნების“ აკრძალვის იურიდიული საფუძველიც გახდეს“, — აღნიშნა მელაშვილმა.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს, ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაყენების მოლოდინს არარელევანტურად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, შიდა რყევები ამ ეტაპზე ივანიშვილის ინტერესებში არ შედის.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: მე და პუტინს ვერავინ შეგვადარებს
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი: საფრანგეთი ძალადობასა და უმოქმედობას შორის მძევლად იქცა