ირაკლი მამალაძემ დავალება ორიანზე შეასრულა

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამა გიორგის ციანიდი არ უყიდია. შეიქმნა სისტემა, რომლის რგოლიც იყო ირაკლი მამალაძე და მიაგზავნეს მამა გიორგისთან. ირაკლი მამალაძემ ეს დავალება ორიანზე შეასრულა”, – ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, ვის რა ინტერესი ჰქონდა დეკანოზის მიმართ, ადვოკატის თქმით, პასუხს ვერ სცემს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი. “თუ ორი ფრაზის გამო – “მოსაშორებელია” და “მარილზეა გასაყვანი” – ადამიანი დასაკავებელია და ამით სახელმწოფო გადაარჩინეს, ძალიან ცუდად ჰქონია ხელისუფლებას საქმე”, – თქვა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, დეკანოზს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები აღელვებდა და ჩანაწერშიც ამიტომ ამბობს, რომ საპატრიარქოში კონკრეტული პირები მოსაშორებელია.

“მათ ეშინიათ სიმართლის თქმის, ამიტომ გვითხრეს უარი გაუთქმელობის მოხსნაზე და თავად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მასალები გაასაჯაროეს”, – განაცხადა ფანცულაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საუბრის სრულ ვერსიაში მონაკვეთი, სადაც შორენა თეთრუაშვილი დეკანოზს ციანიდს უკვეთავს, ადვოკატმა თქვა, რომ ეს კონტექსტი საქმის მასალებიდან იკვეთება. “ჩანაწერიდანაც, მამა გიორგის და სხვათა ჩვენებებიდან და სხვა მტკიცებულებებიდან იკვეთება კონტექსტი, რომ შორენა თეთრუაშვილი უკვეთავდა ციანიდს, მაგრამ პროკუურატურა არ მაძლევს საუბრის უფლებას”, – თქვა ადვოკატმა.

ფანცულაია დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილი წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე შეგნებულად გამოაქვეყნა, რომ “ვინმემ არ გაბედოს და სხვა გადაწყვეტილება არ მიიღოს”.

ადვოკატმა, ასევე, განაცხადა, რომ მას ვიდეო-აუდიო მასალის ერთი ეგზემპლარი აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს. “მე გადმომეცა ვიდეო-აუდიო მასალის ერთი ეგზემპლარი და არ ვაპირებ მის დაჩეხვას. სასამართლოში მაინც მოუწევთ ყველა მტკიცებულების გასაჯაროება. გამოაქვეყნოს პროკურატურამ მამა გიორგის 33-ფურცლიანი ჩვენება და ყველაფერს პასუხი გაეცემა”, – თქვა ფანცულაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გაგრძელდება დეკანოზის დაკითხვა, ადვოკატმა განაცხადა, რომ მამა გიორგი ჩვენების მიცემისთვის მზად არის და ადვოკატები და პროკურატურა მხოლოდ დაკითხვის თარიღზე უნდა შეთანხმდნენ.

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში პოლიციამ ფერმერების აქციის დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
შემდეგი სტატიადიღომში 53 წლის კაცი მოკლეს