ირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს-ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნესგარემოზე აისახება

ცხადია, ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნესგარემოზე აისახება, ესეც და ყველა საქმე, რომელიც ბიზნესმენის მიმართ იწყება და მოჰყვება აჟიოტაჟი, სპეკულაციები, აზიანებს ბიზნესგარემოს, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „თიბისი“ არის სისტემური ბანკი და ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს.

„ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვირვალობა სჭირდება საზოგადოებაშიც, ბიზნესწრეებშიც. გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნესგარემოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს, ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, მარეგულირებლის ვალდებულებაა, საქმე შეისწავლოს.

„ჩემთვის როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვაა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი, რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საერთოდ ვიქნები ბედნიერი, თუ ასეთი საქმეები არ იქნება. ეს არის საკითხის ჩემი პოზიციიდან ხედვა. თუმცა, თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები – ასეთ დროს მარეგულირებელი მოქმედებს. ბუნებრივია, ეს მისი მთავარი ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედველი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება, თავისი ზედამხედველობის არეალში მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შესაძლო ინტერესები „თიბისისა“ და ანაკლიის პორტისადმი
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე:მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით