ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიდან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება მომხდართან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის ამოცანა ახლა გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს რეალური გარემოებები მისი გარდაცვალების, ამისათვის უკვე გადაიდგა ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და ცხედარი იქნა გადმოცემული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ახლა ატარებს კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ კითხვებს გაეცეს პასუხები და გამოძიებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენელია ჩართული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი და გახდა თუ არა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მსხვერპლი.

წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიაზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. ის ელექტროშოკით აწამეს, რამაც გულის შეტევა გამოიწვია; სწორედ ამ ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება და დადგება თუ არა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიამუჟავას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა შენდება