20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ირაკლი კუპრაძე – ნანა კაკაბაძე მივიდა “საბოტაჟის საქმეზე” მოწმედ და პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენება მისცა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, არ ვხუმრობ

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. კუპრაძის მტკიცებით, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა, ნანა კაკაბაძემ, სასამართლო დარბაზში, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ასამართლებენ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა.

„ნანა კაკაბაძე მივიდა საბოტაჟის საქმეზე მოწმედ და პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენება მისცა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ზვიადმა საკუთარი თავი თვითონ დაამხოო. არ ვხუმრობ, მართლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება და აკეთა პუტჩისტური განცხადებები“,- წერს კუპრაძე.

ინფორმაციისათვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არა მოწმის ჩვენებები”- ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესის შესახებ
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში გინებისთვის მალხაზ კვამლაძე 2 000 ლარით დაჯარიმდა