„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას პასუხობს, თითქოს ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციისთვის მიუღებელი ფაქტორი იყო და თანამდებობა ამიტომ დატოვა. კუპრაძე ამ ვერსიას სრულად უარყოფს და მას „გამოგონილ ამბავს“ უწოდებს.
მისი თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებებს სხვა პარტიები ვერ უკარნახებენ და სამწუხაროა, თუ ენმ-ში შიდა ლიდერების ბედს გარე „ბულინგის“ მიხედვით წყვეტენ. კუპრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის საერთო შეხვედრებზე ხაბეიშვილის მისამართით მსგავსი წუხილი არასდროს სმენია.
„ვწუხვარ, თუ არსებობს რომელიმე პარტია, რომელზეც სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება ისეთი გავლენა, რომ გადაწყვიტოს, ვინ იქნება იქ ხელმძღვანელი პირი. არ არსებობს არანაირი ოპოზიციური პარტია, რომელიც ჩვენ გვიკარნახებს ოდესმე, ვინ უნდა გვყავდეს ლიდერად და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. სამწუხაროა, თუ სხვაგან არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც ბულინგს ექვემდებარებიან. „ლელოსთვის“ ლევან ხაბეიშვილი ნამდვილად არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი და არც მომავალში არ იქნება“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.















