“ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 5 სპეცრაზმელის დაკავება პროპაგანდის ნაწილია და არა „დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი“.
„არ მგონია, რომ აშშ-ს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ელაპარაკებოდნენ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯებით. თუ მათ უნდათ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, ამისთვის არსებობს ძალიან მყისიერად გადასადგმელი რამდენიმე პოლიტიკური ქმედება: 1. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი. 2. პოლიტპატიმრების საკითხი 3. პოლიტიკოსებზე წარმოუდგენელი, განუსაზღვრელი სიგიჟის სისხლის სამართლის საქმე და 4. რეპრესიული კანონმდებლობა.
თუ ეს არის მცდელობა იმისა, რომ საკუთარი იმიჯი გამოასწორონ დასავლელ პარტნიორებთან, ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში რატომ მიჰყავთ პოლიციელები, როგორც ცრუ მოწმეები და ალაპარაკებენ ტყუილებს? ამას აგრძელებდე ყოველდღიური რეჟიმში და აქეთ ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

















