„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ინერტული მასალის მოპოვება ქობულეთის მთების დაშლის ხარჯზე მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას შემდეგ, რაც მდინარეების — ჭოროხისა და კინტრიშის კალაპოტებიდან რესურსის ამოღება დასრულდა, ხელისუფლებამ მასალის მოპოვება მთის მასივებში გადაიტანა.
კუპრაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია აფეთქებითი სამუშაოები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელ გარემოს და ეკოლოგიურ ზიანს იწვევს.
როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, მთავრობის მიერ 2025 წლის 6 მაისს ხელმოწერილი სპეციალური განკარგულებით, კომპანიას მიეცა უფლება, ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს 1,5 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 365 ათასი ლარია გადახდილი. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მსხვილი ბიზნესის ინტერესები მოსახლეობისა და გარემოს დაცვაზე მაღლა დგას.
„როდესაც მილიონობით კუბური მეტრი ბუნებრივი რესურსი ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გადაეცემა კომპანიას, ხოლო სანაცვლოდ ნადგურდება მთები, ზარალდება გარემო და იზრდება მოსახლეობის საფრთხეები, ეს აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვის ინტერესებს ემსახურება ეს პროექტი და რატომ ხდება ბუნებრივი რესურსების ასეთი პირობებით გასხვისება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

















