ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება.

კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს, დღეს კი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

„გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა მისთვის იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს გვაქვს ვითარება, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა. რაც შეეხება თავად ხარჯებს, ის იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტზე.

„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ წარედგინება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებნენ