ირაკლი კობახიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისიაში უნდა იმუშაოს

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2016 13:49

ირაკლი კობახიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისიაში უნდა იმუშაოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” – ორი წევრით. გარდა ამისა, კომისიის შემადგენლობში იქნებიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.

მისივე თქმით, კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შედიან თავად პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო სუბიექტები – უმრავლესობა, უმცირესობა, უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქცია, ასევე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი.

დებულების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან არასაპარლამენტო პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც.

გარდა ამისა, კობახიძის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

კობახიძის ინფორმაციით, პირველი სხდომა კომისიის დებულების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება.

„დებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. დებულების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების კანონპროექტი კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე უნდა მოამზადოს მომავალი წლის 30 აპრილამდე.

რაც შეეხება კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფას, ეს უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.

„დებულებაში პირველ რიგში გაწერილია კომისიის ძირითადი პრინციპები – კოლეგიალობა, გამჭვირვალობა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა. ძირითადი მიზანია კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მოქმედ კონსტიტუციას, მოქმედ ტექსტს ახასიათებს მთელი რიგი წინააღმდეგობები კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომისიის მუშაობისა იქნება ასეთი შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეორე ძირითადი მიზანია ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2016 13:49