ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა

region
ავტ.: region დეკემბერი 10, 2020 18:18

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის საპარლამენტო თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება პარლამენტის საკვანძო თანამდებობზე პირების არჩევა.

„დღეს პარტიაში გაიმართა საბოლოო კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თუ რომელი წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილი შესაბამის პოზიციებზე, საუბარია ყველა საკვანძო პოზიციაზე, რომელიც არის წარმოადგენილი საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ დავასახელეთ პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, ეს არის არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო ძალიან წარმატებული თავმჯდომარე მეცხრე მოწვევის პარლამენტში. ის დიდი წარმატებით გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას თავმჯდომარის პოზიციაზე. პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება კვლავ საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ასევე დავით სერგეენკო. სპიკერატის შემადგენლობა ასეთ სახით იქნება ჩამოყალიბებული.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვიქნები წარმოდგენილი ამ პოზიციაზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება მამუკა მდინარაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სარჯველაძე იქნება, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება სოზარ სუბარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე იქნება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ბლოკს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ნიკოლოზ სამხარაძე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. სოციალური ბლოკი – ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მიხეილ ყაველაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

region
ავტ.: region დეკემბერი 10, 2020 18:18