ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებები ვაჭრობის საგნად გადააქცია – რეალური ცვლილება იქნებოდა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ნიკა გვარამიას შეწყალება – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ევროკომისიის მხრიდან დაკისრებული 12- პუნქტიანი რეკომენდაცია შეასრულოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის პირველი ნიშანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქნებოდა, ხოლო მეორე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება.

„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური ან შინაგანი ნება აქვს, რომ ყველა ის ვალდებულება განახორციელოს, რომელიც საქართველოს დაკისრებული აქვს იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შესაბამისად, ასეთი მოთხოვნა გაჟღერებული იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ 20 და 24 ივნისს, მათ შორის კვირას ძალიან დიდ აქციაზე, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა და ღიად მოითხოვა – პირველი, ღარიბაშვილის გადადგომა და მეორე, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც რეალურად, განახორციელებდა და განახორციელებს იმ რეფორმებს, რაც არის აუცილებელი. ფაქტია, მათ არავითარი პოლიტიკური და შინაგანი ნება არ გააჩნიათ. საერთოდ არავითარი ილუზია არ მაქვს იმის, რომ კობახიძე ან „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამ ვალდებულებების შესრულებას აპირებს. ამის პირველი ნიშანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქნებოდა, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს.

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებები ვაჭრობის საგნად გადააქცია. მეორე, რეალური ცვლილება იქნებოდა პოლიტიკური პატიმრების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნება, ეს გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებას, შეწყალებას. მესამე პოლიტიკური ნება იქნებოდა ყველა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც პარლამენტშია, მათ შორის ეს ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, შარლ მიშელის შეთანხმებაში აღნიშნულ ფაქტებს. ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე სახის ნებას და ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი რაიმე პროცესის შესრულებას აპირებენ. უფრო მეტსაც გეტყვით, კობახიძე ფიქრობს, რომ დეკემბრამდე ამ გაუგებარი კომისიებით გაწელავენ დროს. ამიტომ, არსებობს კონკრეტულად ის პუნქტები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომ ქვეყანამ მათი მხრიდან პოლიტიკური ნება დაინახოს. სამწუხაროდ, მათ ამის ნება არ აქვთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, დეკანოიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლა სხვადასხვა მეთოდით უნდა გაგრძელდეს.

„ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია შიდა ზეწოლა, ეს გულისხმობს მათ შორის აქციებს, პროტესტს, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე-ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, ასევე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის სანქციები, რომელიც უკვე ევროპარლამენტის მხრიდან გაჟღერდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ზეწოლა გაგრძელდება, არავინ აპირებს, რომ ეს ქვეყანა „ქართულ ოცნებას“ დაუთმოს“,-განაცხადა დეკანოიძემ.

წინა სტატიაშიშვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული პრინციპები შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაუკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას აუცილებლად შეძლებს – ჯონსონი