პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ჯაველიძე 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე ის იყო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. პრემიერის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.