ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„ბატონ ირაკლის აქვს მრავალ წლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის და მუშაობის. მე მქონდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემი მუშაობის პერიოდში. ბატონი ირაკლი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში ის იყო ეროვნულ ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებშიც წლების განმავლობაში და დღემდე გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი“,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კენჭისყრა მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება. „დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ბატონ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. „მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის. მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოაწოდა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსაუხრი გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა , პროფესიონალიზმი და საჯაროობა“,- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიესტონეთში ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4618 ლარი გახდა