ირაკლი კობახიძე – „ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას რაც ძალიან სამწუხაროა”

მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ევროკავშირის ცხრა მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, თუმცა, მისივე თქმით, მათ აირჩიეს რადიკალური დღის წესრიგი.

„თავის დროზე ჩვენ პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლაც მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ცხრა მოთხოვნა, რომელიც წამოაყენა ევროკავშირმა. კარგი იქნება, თუ სხვა პარტიების ჩართულობა იქნება. თუმცა, „ლელოს“ და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ გაჰყვებიან ამ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს, სამწუხაროდ მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, სამწუხაროდ, ვერც ერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია ვერ ლახავს ბარიერს, ვერც რადიკალურები, მაგრამ სამწუხაროდ ვერც არარადიკალურები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის სამწუხაროდ რეალობა, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდია.

„ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას. ეს იქნება „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და არ იქნება წარმოდგენილი არც ერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია პარლამენტში, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, იმ პირობებში, თუ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება, რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება, რა თქმა უნდა სასიკეთო მიმართულებით. რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტში შევა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, თუ „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით?! რა განსხვავებაა ახლა პლუს „ლელო“ შევა, პლუს გახარია, ეს ხომ ერთი პოლიტიკური ძალაა. არავითარი განსხვავება არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, ეს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში. დღესაც ხედავთ, რომ არის ათი პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში, მაგრამ ხარისხობრივად, პლურალიზმის დონე არ არის სათანადო, რადგან სინამდვილეში არის ფორმალურად რვა პარტია ოპოზიციის წარმოდგენილი, მაგრამ რეალურად ამ რვა პარტიიდან უმეტესობა არის ერთი პოლიტიკური პარტია. ერთი პუნქტი არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. რამდენი პარტია შევა პარლამენტში, ეს არ არის ევროკავშირის ინტერესის სფერო. ევროკავშირს აინტერესებს ის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე და მიმართავს მას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი ზურაბიშვილზე: ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა