ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტის გარშემო დგას

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დილით ადრე უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში იმიტომ მივიდნენ, რომ 9 საათზე უმრავლესობის სხდომა იყო დანიშნული: „ძალიან ხშირად იმართებოდა როგორც დილით ადრე უმრავლესობის სხდომები, ასევე გვიან ღამითაც – ასეთი არაერთი პრეცედენტი ყოფილა. დღეს მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 10 საათზე იყო საკომიტეტო სხდომები, დაიგეგმა 9 საათზე უმრავლესობის შეხვედრა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს საპარლამენტო დღის წესრიგზე, ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე. მისივე განმარტებით, უწევთ ასევე უმრავლესობის დეპუტატების ემოციების „დარეგულირება“, რომ ამ 200 კაცთან დაკავშირებით რაიმე ისეთი არ მოხდეს“: „ეს არის რეალური ვითარება. შესაბამისად კარგად შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200 კაცის მუშტების ბრახუნი არის საშიში იმ 200-ვე კაცისთვის. იმიტომ რომ რესურსი როცა არა გაქვს, უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი საბოლოოდ და მიილევიან კიდეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, „ ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი“.

დილიდან საქართველოს პარლამენტთან კვლავ პოლიციელების სიმრავლეა, თუმცა, 28 ნოემბრისგან განსხვავებით, მიმდებარე ქუჩებზე რკინის ჯებირები აღარ დაუდგამთ.

 

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: “დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით”