უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით, საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე ძალიან დეტალური და კონკრეტული გზავნილები იყო საქართველოს მხრიდან.
„მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, აშშ-ის საელჩო ესწრებოდა ამ შეხვედრას, ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. საინტერესო დეტალია, რომ არც სენატორს, არს კონგრესმენს, არც ელჩს გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებია. მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე მათ, თუ რას ვგულისხმობ ამაში, რას აკეთებდა, მათ შორის, ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა, გახსოვთ, უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილი. ეს არის შემაშფოთებელი და ეს არის ფაქტები, რომლებიც იძლევა შეშფოთების საფუძველს, როცა ვფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რას ელოდება საქართველო ამერიკისგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.
„რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე. როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებული პრობლემებზე, ეს ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. მე გულწრფელად ვუთხარი მათ, რას ველოდებით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში. ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით, საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველოდებით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველოდებით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება. აღინიშნა შეხვედრაზე როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.