ირაკლი კობახიძე – სხვადასხვა პრემიერის დროს, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, დაემკვიდრებინა პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი არსებითად, პოლიტიკურად ჩარეულიყო ელჩების დანიშვნაში, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ აქვს

პრეზიდენტი როცა ამბობს, რომ 37 ელჩის კანდიდატურა გაეგზავნა და 36-ს ხელი მოაწერა, არის მარტივი მანიპულაცია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

კობახიძემ შეაფასა საქართველოს პირველი არხის ეთერში სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოვაწერე, ერთი რჩება, დავით ბაქრაძე, ხუთი წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“.

„სხვადასხვა პრემიერის დროს, ის ცდილობდა, დაემკვიდრებინა ასეთი პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი არსებითად, პოლიტიკურად უნდა ჩარეულიყო ელჩების დანიშვნაში, რისი უფლებაც მას კონსტიტუციით არ აქვს მინიჭებული და სწორედ ამას უკავშირდები სარჩელი, რომელიც მთავრობისგან არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა, რეალურად რაში იყო საქმე; ის კი არ იყო, რომ 37 წარუდგინეს და 36-ს მოაწერა ხელი, ის მუდმივად აბრკოლებდა გარკვეული თანამდებობის პირების დანიშვნას და მუდმივად იყო, არ ვიცი, ვაჭრობა დავარქვათ ამას, თუ როგორც არის. მას მუდმივად ჰყავდა თავისი კანდიდატები და როცა საუბარია მთავრობის მიერ კანდიდატებზე, რეალურად, არაერთ შემთხვევაში მის მიერ იყო შეთავაზებული მთავრობისთვის, რაც არის კონსტიტუციური სტანდარტის ძალიან უხეში დარღვევა. სინამდვილეში, აი, ამაში იყო საქმე. წინასწარი ერთგვარი ვაჭრობა, თუ გარიგებები მიდიოდა და მთავრობა იძულებული იყო, ამაზე წასულიყო. რადგან ანგარიშს უწევდა რაღაცებს. მათ შორის, უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ესეც არ უნდოდა, გარეთ გამოეტანა. ამისთვის ვერც ერთ პრემიერს ვერ გაამტყუნებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, მიდგომა განსხვავებული უნდა ყოფილიყო, რადგან როდესაც მთავრობა ექსკლუზიური კომპეტენციით და პოლიტიკური ძალაუფლებით არის აღჭურვილი, რომ ელჩები დანიშნოს, მან ეს ძალაუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს.

„იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით მისთვის ექსკლუზიურად მინიჭებული კომპეტენცია. საქართველოში საგარეო პოლიტიკაზე, ამ კონსტიტუციის მიხედვით, პასუხისმგებელი არის მხოლოდ მთავრობა. შესაბამისად, ყველა ელჩი უნდა იყოს დანიშნული მთავრობის მიერ და პრეზიდენტს მხოლოდ სამართლებრივი მოტივით შეუძლია, გადახედოს შესაბამის კანდიდატებს, პრაქტიკა კი, განსხვავებული იყო. მაგალითად, გახმაურებული შემთხვევა იყო საფრანგეთში საქართველოს ელჩი. პრეზიდენტმა თვითონვე აღიარა, რომ ის მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული, რაც აბსოლუტურად მახინჯი პრაქტიკაა. კონსტიტუციით ეს არ არის დაშვებული. სხვათა შორის, აქ შინაარსშიც რომ შევიდეთ, მერე თვითონვე აღარ ელაპარაკებოდა საკუთარი რეკომენდაციით დანიშნულ ელჩს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაზე მთავრობა არის პასუხისმგებელი და მათ შორის, პარლამენტის წინაშე, წარმოიდგინეთ, საფრანგეთში ელჩი არ მოსწონდა მთავრობას, პრეზიდენტმა იძულებით დაანიშნინა, წარადგენინა და შემდეგ, პარლამენტმა როგორ უნდა მოსთხოვოს მთავრობას საფრანგეთში საგარეო პოლიტიკის სწორად, თუ არასწორად განხორციელებაზე, ხომ?!“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ სასამართლოს იქამდე მიმართა, ვიდრე პრეზიდენტს დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნიდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან დავით ბაქრაძესთან დაკავშირებითაც არაერთი ტყუილი ითქვა.

„პრეზიდენტია და არ მინდა, ტყუილს არ ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული. ხომ თქვა, ბაქრაძეს არც ერთი ინტერვიუ არ ჰქონია და არც ერთი ვიზიტიო?! ახლა მე გეტყვით, რა გააკეთა დავით ბაქრაძემ; საქართველოდან აშშ-ში რვა ოფიციალური ვიზიტი იყო, უმაღლეს დონეზე, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს არის ხუთწლიანი პერიოდი, საიდანაც ორი წელი კოვიდი იყო და ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, მთლიანად შეზღუდული იყო ვიზიტები. ანუ, რეალურად, ეს იყო 2017-2018-2019 წლები, როდესაც ბაქრაძეს ჰქონდა სრულფასოვნად მუშაობის საშუალება, ხოლო რაც შეეხება 2020-2021 წლებს, ანუ ბოლო ორ წელიწადს, პრაქტიკულად, არავითარი საშუალება არ ჰქონდა, ვიზიტები სათანადოდ დაეგეგმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციაზე, კოვიდის გამო, უკიდურესად შეზღუდული იყო დასწრება, რის გამოც, იქ წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და გაუგებარია, რაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი.

„წერილის გაგზავნა ნებისმიერ დროს შეეძლო. ამას ელჩი ვერ დაუშლიდა. აბსოლუტურად გაუგებარია, რას საუბრობს პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში
შემდეგი სტატიარუსმა დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა აღიარა, რომ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა განახორციელა