ირაკლი კობახიძე: სასურველია, კონსტიტუციის ტექსტი მაქსიმალურად ლაკონური იყოს

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართა, რის შემდეგაც, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

კობახიძის თქმით, კომისიის წევრებმა უკვე წარადგინეს მოსაზრებები, რაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

„ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიქმნა ამ სფეროში – ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში, რაც ძალიან სასიამოვნო მოვლენაა და ეს მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხების მიმართ და მოხარული ვართ ამით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც მისი თქმით, ძირითადად, სამ ეტაპად წარიმართება.

”ძირითადად, სამ ეტაპად წარმოგვიდგენია მუშაობის პროცესი. დღეს გვექნება პირველი სხდომა, სადაც გვინდა მოსაზრებები შევკრიბოთ, რომლებიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში. აღნიშნული პროექტი კი დარიგდება მეორე სხდომისთვის. კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა მოსაზრებები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. გვექნება აბსოლუტურად ღია მსჯელობა, დისკუსია და შეგვიძლია მუხლობრივად განვიხილოთ მოსაზრებები.

თითოეულ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლის საფუძველზეც მომზადდება კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე დარიგდება. ზოგადი ტენდენცია რაც ვლინდება არის ტექსტის განვრცობის ტენდენციაა. რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ, რაც არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია. სასურველია მაქსიმალურად ლაკონური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, სადაც საჭიროა ტექსტის განვრცობა, სტანდარტების აწევა და ა.შ. ბუნებრივია, ღია უნდა ვიყოთ ასეთი მსჯელობისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირველი ცეკვა მეჯლისზე
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება ადამიანის უფლების კიდევ ერთი დარღვევაა -ზალკალიანი