ირაკლი კობახიძე: სასამართლოს გადასაწყვეტია, როგორ დასრულდეს “რუსთავი 2”-ის დავა

რუსთავი 2“-ის საკითხი სასამართლოში განიხილება და სასამართლოს გადასაწყვეტია, როგორც დასრულდეს ეს კონკრეტული დავა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა და დაინტერესდნენ რის გაკეთებას აპირებთ, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს კრიტიკული ტელევიზია, შენარჩუნებული თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება.

„რუსთავი 2“-ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლოს გადასაწყვეტია ეს კონკრეტული დავა. ჩვენს კომპეტენციაში შედის საქართველოში მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა და როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენი ამოცანა სწორედ ასეთად დარჩება. ჩვენი ამოცანა არის მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გასული ოთხი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მედიაში 2012 წლამდე არსებული ვითარება შეახსენა და აღნიშნა, რომ მედია სივრცე სრულად იყო მონოპოლიზებული.

“მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი. ეს სივრცე იყო მთლიანად მონოპოლიზებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, მმართველი უმრავლესობის ხელში. ეს ვითარება არის დღეს რადიკალურად შეცვლილი. შეუძლებელია, ჩვენ შევადაროთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა 2012 წლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას. მედიაპლურალიზმი, მედიაგარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამის დათმობას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიინდოელები მინისტრს საკუთარ თირკმელს მასობრივად სთავაზობენ გადასანერგად
შემდეგი სტატიაუკრაინამ შესაძლოა, საქართველოს მიხეილ სააკაშვილი გადასცეს