ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე გაწეული სამუშაო პროცესი და მიღწეული შედეგები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.

მისი შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელზეც, მისივე თქმით, მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტის პლენარულ ფორმატში განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი სტრუქტურა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლის კომენტირებისას განაცხადა. კობახიძე აცხადებს, რომ ამ დონის საკადრო გადაადგილება პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, შესაბამისად, კომენტარიც შესაძლოა, ზედმეტი იყოს.

„ამ პროცესში პარლამენტის ჩარევის რესურსი მინიმალურია. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ამ დონეზე რა საკადრო ცვლილება განხორციელდება. ეს პოლიტიკური დონე არ არის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კომენტარებიც შეიძლება, ზედმეტი იყოს.

ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული. ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობას იქნება დაქვემდებარებული. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პირველი არხის კითხვაზე, როგორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოდელი, კობახიძე აცხადებს, რომ სისტემას, რაც ახალი კონსტიტუციის ფარგლებში არის ჩამოყალიბებული, ახალი სტრუქტურა სჭირდება.

„ეს უნდა იყოს დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს და იყოს მაღალი დონის ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმებს საშემოდგომო სესიისთვის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იქნება კონკრეტული ინიციატივები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტად მან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება დაასახლა.

„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე-ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად, ხელისუფლების სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნება, ასევე, ჩვენს დღის წესრიგში შემდეგ სესიაზე. ჩვენ სექტემბერში ვიმუშავებთ აქტიურად, ასევე, განახლდება აქტიურად მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება აქტიური სამუშაო პროცესი და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი კანონშემოქმედებითი ფუნციები კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა სერიოზული ახალი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ახლაც წარმართავს მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის, ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება არის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით და გვექნება შემდგომი წინსვლა ზუსტად ამ კუთხით, ზედამხედველობის უკეთ განხორციელების კუთხით“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე 10 თეზისს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს