12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა

მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.

„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი,“- განაცხადა პრემიერმა.

“ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  განუცხადა. ამას გაურბიან სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი.
„ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი,სტუ – კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი – ოქსფორდი, ოპინენტების კამპანია სიყალბეზეა აგებული
შემდეგი სტატიასაქართველოში ელჩის დაბრუნებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიესალმებიან