ირაკლი კობახიძე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიას გახსნის

ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავკარჩევსკი მიმართავენ.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები მარეკ კუჩინსკისთან და სტანისლავ კარჩევსკისთან, ასევე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული თანამემამულეების ხსოვნას პატივს მიაგებს და სმოლენსკის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – გიორგი ვოლსკი და დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გელა სამხარაული და გიორგი ლომია მიიღებენ.

„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის აპრილში დაუჭირა მხარი და იგი მიღებისთანავე ამოქმედდა. საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა ხელი თბილისში, გასული წლის ნოემბერში მოაწერეს.

ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი აბესაძე, გიორგი ბეგაძე, თინათინ ბოკუჩავა, ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული შედიან.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ შიდსის ცენტრი ორ წელიწადში აშენდება
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია : აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იქნება საუბარი