ირაკლი კობახიძე: საქართველო მზადაა, გააგრძელოს წვლილის შეტანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებაში

„მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ჩვენი ქვეყნის მოდერნიზებას ვცდილობთ, გარედან მომავალი ზეწოლა ყოველ შესაძლებლობას იყენებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან გადაიყვანოს. ასეთი ზეწოლის საპირწონედ, ჩვენ ევროკავშირის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვილნიუსში, ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება აღმოსავლეთ ფლანგზე ევროპის სტრატეგიულ რეგიონებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გამყარებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„ჩვენ, შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოების წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა და გვეკისრება ვალდებულება, ჩვენი საზოგადოებების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ერთმანეთთან მრავალმხრივი დიალოგი ვაწარმოოთ. ასეთ ტურბულენტურ და არაპროგნოზირებად გარემოში, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების, კეთილდღეობისა და წინასწარ განჭვრეტის გაუმჯობესებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მის პოტენციურ განვითარებაზე, საქართველოს ხედვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას მოიაზრებს როგორც ეფექტურ და პროდუქტიულ ინსტრუმენტს, რომელიც მას საზოგადოების დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში ეხმარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე, საქართველომ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ჩვენ ევროკავშირისათვის წარმატებული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ვართ ვაჭრობის, მობილურობის, განათლების, უსაფრთხოებისა და სხვა დარგებში: ქართველი მომხმარებლები და მეწარმეები უდიდეს სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობიდან; სტუდენტები, პროფესორები და მკვლევარები მასობრივად არიან ჩართული საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში, ასევე კულტურულ პროექტებში; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იზიარებს ევროპელი კოლეგების საუკეთესო პრაქტიკასა და ამით, უკეთესად ახორციელებს საკუთარი მოქალაქეებისათვის სარგებელის უზრუნველყოფას; ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპისა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონაში, რაც უდიდესი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მიღწევაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებაში, მათ შორის 2020 წლის 20 მიზნის ეფექტური განხორციელების გზით.

თუმცა, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სხვა ამბიციური პრაქტიკული მიზნებით, რათა ღირსეულად დახვდეს მომავალ ათწლეულს და ყველასათვის, მათ შორის ასოცირებული ქვეყნებისათვის საკუთარი მიმზიდველობა შეინარჩუნოს.

ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის ასპექტები დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, 2020 წლის შემდგომი მიზნები უნდა მოიაზრებდეს – მათ შორის, უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პერსპექტივის გაჩენა, შავი ზღვის დამაკავშირებელი პოტენციალის სრულად გამოყენება, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში, რაც, მისივე შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისათვის, თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ასევე, სპეციალური დახმარების ინსტრუმენტის შექმნა ასოცირებული პარტნიორებისათვის, რაც ასოცირების ვალდებულებების უკეთეს და ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს. „იმავდროულად, დამატებითი სტიმულები, მიზნად უნდა ისახავდეს პოლიტიკური ინტეგრაციის პროგრესირებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ინკლუზიური და ფართო კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუმცა, მანამდე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ არსებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება. მაგალითად, 2025-2028 წლებში ევროკავშირის პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ თავმჯდომარეობა შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების ევროპული პერსპექტივის გამყარებისათვის, ასევე კრიტიკული საერთაშორისო და შიდა მხარდაჭერისა და მექანიზმების მობილიზებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, იანის ვუკანსმა, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემ და ესტონეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, სიიმ კალასმა მიმართეს.

banner
წინა სტატიაში“მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“ – კალაძე
შემდეგი სტატიაპრემიერი პარლამენტშია – ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრთან ერთად მივიდა