ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია-ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი

„პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, ეს თამამად და ცალსახად აღვნიშნო, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ რისკფაქტორი არ არის და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მას მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა ექნებოდა. თუმცა, მისი შეფასებით, ამის შესაძლებლობა, არსებული სურათით, ძალიან დაბალია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის პროგნოზი ყოველთვის მართლდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები, ჩვენი პროგნოზები და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი არანაირი რისკ ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით. არანაირი პრობლემა ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს და არანაირი რისკ ფაქტორი გიორგი მარგველაშვილი არ არის. გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა არსებული სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე გასვლის სურათი არის ძალიან დაბალი.

ჩვენ არაერთხელ ეთერში, პირადად თქვენთან გვისაუბრია ჩემს პროგნოზებზე, და ყოველთვის ჩვენი პროგნოზები გამართლებულა. შეგვიძლია ძველი ეთერები ამოვიღოთ, რა პროგნოზი გვქონდა ჩვენ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ყოველთვის მართლდება ჩვენი პროგნოზი და მე ასევე შემიძლია შეგახსენოთ თქვენ ჩემი პროგნოზი უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით მეორე ადგილის გამოცნობა რთულია და საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვითარება არსებითად არ შეცვლილა და ჩამოყალიბებული ზოგადი სურათის მიხედვით, კონკურენცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის წარიმართება.

„საკმაოდ რთულია მეორე ადგილის გამოცნობა, იქნება საკმაოდ რთული კონკურენცია. მე ვთქვი ის, რაც უკვე ვიცით, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს აქვს მიზერული. და რაც შეეხება მეორე ადგილს, იქ იქნება საკმაოდ სერიოზული კონკურენცია და ხალხი გადაწყვეტს ბუნებრივია ყველაფერს.
​პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, ეს თამამად და ცალსახად აღვნიშნო, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად ორ სუბიექტს შორის, არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები, და კონკურენცია წარიმართება არსებითად ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის. ეს არის ზოგადი სურათი, რომელიც არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე, მეტ ცდომილებას მუნიციპალურ არჩევნებთან არ ველოდები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს, პარტიული ნდობიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დიდი ნდობა ექნება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი კანდიდატის შერჩევას ზერელედ მოეკიდება.

„ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს ექნება ერთმნიშვნელოვნად დიდი უპირატესობა ჩვენი პარტიული ნდობიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარე, და ასევე თუნდაც რესურსებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზერელედ უნდა მოვეკიდოთ კანდიდატის შერჩევას. აუცილებლად განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით კანდიდატის შერჩევას გამომდინარე იქედან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც უნდ იყოს გამაერთიანებლის ფუნქციის მატარებელი. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ, მმართველ პარტიას გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოვლენა კანდიდატის შერჩევის დროს და ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით ბუნებრივია ამ პროცესს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ ის მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიცვა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს