ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2017 16:16

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის წინ დამყარდა, ხალხებს შორის კავშირი გაცილებით ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდს ითვლის. აკჯა ნურბერდიევას თქმით, თურქმენეთში კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.მხარეების თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა.
შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აჯკა ნურბერდიევამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თურქმენეთში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის სოციალური პოლიტიკა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. აკჯა ნურბერდიევა დაინტერესდა საქართველოს განათლების სისტემითაც.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ოქრიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო თურქმენეთის მხრიდან – მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე გულშატ მამედოვა და მეჯლისის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი მოინახულა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
დღესვე, თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, მეხუთე აზიური თამაშების – „აზიადა 2017“-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2017 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics