ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს, ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უხერხულობა არ იგრძენით, ევროკავშირის ელჩმა პირველად პრეზიდენტს რომ გადაუხადა მადლობა და მას არ მიეცა სიტყვის თქმის შესაძლებლობა? პრეზიდენტს სურდა, საზოგადოებისთვის მიემართა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არასწორი ნაბიჯი იყო?“.

„რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, რომელიც ზოგადად მოქმედებს ქვეყანაში, ის ფორმალური რანგირება, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აქ სასპეკულაციო არაფერია და აბსოლუტურად გასაგებია,რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და შემდეგ მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს თავისუფლების მოედანზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბიშვილის მისვლის მიზანი მორიგი პროვოკაცია იყო.

„იცით, რომ ის მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა საბოლოო ჯამში მას ყველა პროვოკაცია ჩაუვარდა. ის პროვოკაციაც ჩაუვარდა, რასაც ერქვა თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა. იყო მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყოველგვარი წარმატების გარეშე დასრულდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა ვახტანგ გომელაურს და ყველა პოლიციელს ღირსეული სამსახურისთვის, ბოლო 11 წელიწადში არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია