ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონს შეხვდა.

მხარეებმა პარასპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს სტიმულს აძლევენ და ისინი საზოგადოებაში სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი. სწორედ ამას ემსახურება ასეთი მაღალი რანგის ადამიანის ჩამოსვლა საქართველოში. ის შეგვპირდა მხარდაჭერას და მოხარული ვარ, რომ მისი მხარდაჭერით, ჩვენი პარაოლიმპიელების და მეგობრების ხელშეწყობით, საქართველოში, ამ მიმართულებით, ნებისმიერი მოძრაობა სწრაფად პროგრესირებს. ვფიქრობ, რომ ეს საბოლოო შედეგსაც მოიტანს. ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობაზე. აქტიურად არიან ჩართული ჩვენი წარმომადგენლები – პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელიც მხარს უჭერს ამ მოძრაობას. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანები გვყავს და ვფიქრობთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგი იქნება კიდევ უფრო წარმატებული“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობა აქტიურად ვითარდება.

„ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ პარასპორტის იდეის განვითარება მოხდეს სკოლებში და უფრო მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ჩაერთოს ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან საინტერესო გზავნილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შედეგებით კიდევ უფრო მეტად იამაყოს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ. ​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო