ირაკლი კობახიძე: როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა

„იმდენად უშინაარსო გახდა ოპოზიციის გამოსვლები და თუნდაც კითხვები ამ სხდომათა დარბაზში, რომ მთლიანად მოტივაციაც კი გვაქვს დაკარგული, გამოვიდეთ დებატებში და ვისაუბროთ“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, დიდი ხანია ისმის საუბრები სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

„დღეს თუ მაინც შეგიძლიათ გასცეთ პასუხი კითხვას – უჭერთ თუ არა მხარს სანქციების დაწესებას? 3 თვეა გრძელდება დისკუსია ამასთან დაკავშირებით და დღემდე ოპოზიცია არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად არასწორი და ირაციონალურია სანქციების დაწესება, როდესაც უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს. ამის მიუხედავად მაინც არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. გეყოთ გამბედაობა, რომ თქვათ, უჭერთ თუ არა სანქციებს მხარს?- კითხვით მიმართა ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას, რაზეც დარბაზიდან გიორგი ვაშაძის პასუხი გაისმა, რომ ის არ უჭერს მხარს სანქციებს.

მადლობა პასუხისთვის, რომელიც გავიგეთ სამი თვის თავზე. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, დღეს პრემიერმა ისაუბრა, რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდს ავლა არ მოხდეს და ესეც კი ვერ გაიგო ოპოზიციამ. ორმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თურმე ეს ყოფილა სანქციები. სანქციებს და სანქციების გვერდის ავლას რომ ვერ არჩევენ, ეს არის საოცრება და ასეთ ხალხს რა ველაპარაკოთ?“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასეთ დროს პოლემიკა და დისკუსია ძალიან ძნელია.

„ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და უშინაარსო, ბუნებრივია, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც ჩამოყალიბებულია ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გამოსწორდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში – საქართველოში კი არ შეიძლება დიდხანს იყვნენ პოლიტიკაში კრიმინალები. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში მუდმივი პოლემიკაა ფაქტებთან და აღქმებთან დაკავშირებით. ერთ მხარესაა ფაქტები, მეორე მხარეს – აღქმები. მისივე ინფორმაციით, 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით – ბაქრაძისა და უსუფაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტში სულ 13 მინისტრია ნამყოფი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცედურის ფარგლებში.

„დღეს ეს რაოდენობა არის 5-7-ჯერ გაზრდილი. ფაქტები არის ეს, თქვენი აღქმები არის მეორე“,- მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს? ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ