ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მოქმედი სახალხო დამცველი უჩა ნანიაშვილი პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება.

პირველმა არხმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაში, როცა სახალხო დამცველს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„აღარ მინდა, ეს დისკუსია გავაღრმავო. უამრავი მიზეზი არსებობს, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს და სახალხო დამცველი ამის დემონსტრირებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის პოლიტიკურ აქტივობაზე გადასული იყო. როგორც ჩანს, პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც სახალხოდ დამცველის პოსტზე აღარ იმუშავებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამას გარდა, სახალხო დამცველთან დაკავშირებით, კობახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და დეპუტატ შოთა შალელიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„თეა წულუკიანს იმის მორალური უფლება აქვს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა შეაფასოს. მისი შეფასება მოვისმინე, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე სახალხო დამცველი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია. რაც შეეხება საპასუხო განცხადებას, ის კორექტული არ იყო და როცა გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და განცხადება საჯაროდ შემდეგ უნდა გაკეთდეს“, – დასძინა კობახიძემ.

რაც შეეხება ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მმართველი გუნდი ჯერჯერობით კანდიდატურას ვერ დაასახელებს.

„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს კონსულტაციები და გუნდი თავის კანდიდატურას დაასახელებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა 7 დეკემბრამდე მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ეწურება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გეგჭკორი: ვადასტურებ რომ ასე იყო