ირაკლი კობახიძე: როგორ შეძლება ხუთწუთიანი მოსმენა დაუთმო იუსტიციის მინისტრს და მერე მოითხოვო მისი გადადგომა

„როგორ შეძლება ხუთწუთიანი მოსმენა დაუთმო იუსტიციის მინისტრს და მერე მოითხოვო მისი გადადგომა. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. იგივე ეხება შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და .ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ არის გარკვეულ გარემოებები, რა თქმა უნდა იდენტიფიცირებული ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ უნდა გადადგნენ მინისტრები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, სადაც უმრავლესობაში წარმოდგენილი იყო საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში აშკარად ჩანს პოლიტიკური ფონი.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კომისიის შექმნა იყო თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი და ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმის, რომ ამ პრივილეგიას, რომელიც ჩვენ მივანიჭეთ უმცირესობას ამ შემთხვევაში, მივეცით მათ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში, ისინი გამოიყენებდნენ სათანადოდ. მითუმეტეს, ეს არის ძალიან მტკივნეული საქმე, საქმე ეხება ბავშვების მკველელობას და ეს საქმე უნდა ყოფილიყო მთლიანად დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან, უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტება დადგენილი – ეს უნდა ყოფილიყო უმთავრესი ამოცანა, მათ შორის კომისიის მუშაობის. სამწუხაროდ, საბოლოო დასკვნაში, რომელიც შეიმუშავა კომისიამ, ანუ საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც უმრავლესობით იყო წარმოდგენილი კომისიაში, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფონს. აშკარად ჩანს, რომ „ევროპული საქართველო“, ამ შემთხვევაში, რომელიც ქმნიდა უმრავლესობას ცდილობს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიშანი დაასვას იმ დასკვნას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა შეიმუშავეს ალტერნატიული დასკვნა, სადაც საუბარი არ არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

„„ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა კომისიაში შეიმუშავეს ალტერნატიული დასკვნა, სადაც ასევე დადგენილია ხარვეზები ანუ რა შეიძლება გაკეთებულიყო და რა არ გაკეთდა ამ პროცესში, თუმცა არანაირად ეს არ მიუთითებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელზეც არის საუბარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნაში. იქ საუბარია, მაგალითად, იუსტიციის მინისტრის გადაგომაზე. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, ერთი კითხვის მეტი ვერ დაუსვეს მას კომისიის წარმომადგენელებმა“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნაში იდენტიფიცირებულია ხარვეზებია ანუ საუბარია იმაზე, რომ რაღაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა და ამას სჭირდება დამატებითი ჩაძიება.

„მე თავიდანვე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, მთავარ პროკურორთან ამ საკითხთან დაკავშირებით და მეც დავინტერესდი დავუშვათ, რატომ არ განხორციელდა დაკითხვა, ჩხრეკა და ა.შ. იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც ეს პროცედურები არ განხორციელდა. პასუხი იყო ასეთი, რომ იყვნენ პირები ამ გამოძიებაში, რომლებიც თანამშრომლობდნენ და რომლებიც არ თანამშრომლობდნენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თუ პირი თანამშრომლობს, მის მიმართ ნაკლები საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და თუ არ თანამშრომლობს, ტარდება მეტი საგამოძიებო მოქმედებები. ამიტომ აქ არის ჩასაძიებელი ამ ნაკლოვანებას, აქვს თუ არა კონკრეტული სამართლებრივი გადაცდომის ნიშნებში და ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა, მაგრამ აქ ეს ლოგიკური კავშირი არ ჩანს. თქვენ რომ აიღოთ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე ნახავთ, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები შეილება არ იყოს ჩატარებული გამომდინარე იქედან, რომ შეიძლება გამოძიება თვლიდეს, რომ ამის გაკეთების გარეშეც სხვა გარემოებებიც საკმარისია პასუხისმგებლობის დადგომისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნაში ზედმიწევნით არის ყველაფერი ასახული, მათ შორის, საუბარია ხარვეზებზე, თუმცა აღნიშნული დასკვნა განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ დასკვნისგან დაცლილია პოლიტიკისგან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საგამოძიებო პროცესში ვერც პოლიტიკური და ვერც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ჩარევა ვერ გამოავლინა.

„არანაირი გარემოებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ჩარევას. ეს ვერ დაადგინა კომისიამ, იმიტომ რომ ასეთი ფაქტი არ არსებობდა – არც პოლიტიკური ჩარევა და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ზოგადად არანაირი ჩარევა არ დგინდება. ეს უნდა გამხდარიყო პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა კომისიამ ასეთ გარემოებებს რეალურად ვერ მიაკვლია. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა იყოს კავშირი პასუხისმგებლობასა და გადაცდომას შორის, თუმცა თუ გადაცდომას ვერ ადგენ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც ვერ ისაუბრებ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი თვე ჰქონდა კომისიას, თუმცა ისევე დაასრულა მუშაობა, როგორც დაასრულა გამოძიებამ, რომელიც იყო მისი კრიტიკის საგანი.

„იმთავითვე, როცა შეიკრიბა კომისია, კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ კომისიის მთავარი მიზანი იყო ჭეშმარიტების დადგენა საქმეზე ანუ საქმის გახსნა, ასე რომ ვთქვათ. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიის სამთვიანი მუშაობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა თავის დროზე გამოძიების მუშაობა. გარემოებები არის აბსოლუტურად იგივე, თუმცა როდესაც ბრალს უყენებდნენ გამოძიებას იმაში, რომ საქმე ვერ გაიხსნა, ახლა თვითონ ჰქონდა საშუალება, რომ სამი თვის განმავლობაში დაედგინათ ჭეშმარიტება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტების დადგენისთვის მათთაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი საფუძველი. ახლაც ცოცხალია ყველა მოწმე ამ საქმის, რატომ ვერ მოახერხეს საგამოძიებო კომისიამ, რომ მათგან გაეგო მეტი ინფორმაცია.

არსებობდა ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე ჰქონდა საუბარი თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას – არ თანამშრომლობდნენ კონკრეტული პირები. ის დრო წავიდა საქართველოში, როდესაც, თქვენ იცით, რა მეთოდებით ხდებოდა ჩვენების მიღება ადამინებისგან. ამას აქვს თავის მინუსებიც, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევაა ის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს იმას, რომ ჩვენ არ ვიყენებთ უხეშ მეთოდებს ჩვენების მიღებისათვის და სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვერ მოხერხდა ობიექტურ გარემოებათა გამო საქმის სათანადოდ გახსნა, ეს არის სამწუხარო რეალობა“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ნაყოფიერად და მთავარია ეს პროცესი ასახული იყოს დასკვნაში.

„ჩვენ ვიზიარებთ ძალიან ბევრ რამეს, რაც წერია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში. ტექსტი, რომ ავიღოთ ალბათ ოთხმოც პროცენტს ვიზიარებთ იქიდან. აქ საუბარია, საბოლოო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დასკვნებზე, რომელიც არის ასახული მათ ვარიანტში. საბოლოო ჯამში კომისიამ იმუშავა, იყო ნაყოფიერი სამუშაო პროცესი, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, თუმცა მთავარია, რომ ეს პროცესი სწორად იყოს ასახული დასკვნაში და აქ იყოფა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოსაზრებები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

banner
წინა სტატიაშიგახმაურებული საქმეების პროკურორების კორპუსი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავარიაში დაიღუპა