ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საერთაშორისო არენაზე მუშაობისას კონკურენტი არ ჰყავდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში

„რადიკალურ ოპოზიციას საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზე მუშაობის, თან კონკურენტიც არ ჰყავდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ოპოზიცია იყო საკმაოდ სუსტი წლების მანძილზე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მათ უკონკურენტო გარემოში მოახერხეს გარკვეული მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება, თუმცა ეს კავშირები არის ძალიან შესუსტებული“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკური ჯგუფების საგარეო რესურსის შემცირების ფონზე, „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე.

„მათ დღეს ჰყავთ რამდენიმე ლობისტი ევროპარლამენტარების სახით და ყავთ რამდენიმე, და რამდენიმეც აღარ შეიძლება უკვე ითქვას, ლობისტი ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში და სენატში. ამით ამოიწურება მთლიანად მათი საგარეო რესურსი. შესაბამისად, დღეს ვითარება არის ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე. ანუ ერთ მხარეს დგას ცალკეული პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებები დასავლეთში და მეორე მხარეს დგას ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი მხარდაჭერა, რაც, მათ შორის, გამოხატულია ყველა ინსტიტუტის ძალიან ხმამაღალ განცხადებებში, დოკუმენტებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი, არაერთი რეზოლუციაა მიღებული და სხვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო არენაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს უპირატესობა და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გაჟღერდა მაგალითად, კელი დეგნანის განცხადებაში, მანამდე რიკერის განცხადებაში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უპრეცედენტოდ მჭიდროა დღეს ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„შესაბამისად, ბუნებრივია ისინი ვერ დაიმშვიდებენ თავს ცალკეული რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებით. რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ამ პოლიტიკოსს პატივს ვცემთ, მაგრამ მეორე მხრივ კი გვახსენდება ისიც, რომ ძალიან ხანგრძლივია ეს ლობისტური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ნაცმოძრაობასა და ამ დასავლელ პოლიტიკოსებს შორის არის ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა. ლობიზმს აქვს თავისი სივრცე და ამასაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმართლე ძალიან მკაფიოდ ფიქსირდება ინსტიტუტების განცხადებებში და დოკუმენტებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები იქნება ოქტომბერში, რადგან ისინი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები და მუდმივად ავლენენ უპრინციპობას
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა