ირაკლი კობახიძე : პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას

პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმაზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახლად არჩეული მთავარი პროკურორი ნოემბრიდან საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში ახალი გენერალური პროკურორი გახდება.

„ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა შეეხო მათ შორის პროკურატურის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო კომისიაში იყო სერიოზული დისკუსია. მთავარი საკითხი, არის პროკურატურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. თავისთავად კარგია პროკურატურის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას თან ახლავს გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ, რომელიც შემუშავდება ამ საკონსტიტუციო მოდელის საფუძველზე, უპასუხოს გამოწვევას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, აქ არის მნიშვნელოვანი სწორი მოდელის ჩამოყალიბება, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროკურორო საბჭო ფაქტობრივად კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაიქმნა. საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების მოდელი შეიძლება იყოს ორი: ერთი, სადაც საპროკურორო საბჭო არის ერთგვარი ბორდი პროკურატურის, აქ წარმოდგენილია პროკურატურის მენეჯმენტი და მეორე, რომელიც ჩემი აზრით იქნება ყველაზე სწორი, არის მოდელი, სადაც უმაღლეს დონეზე არიან კონსტიტუციური ორგანოები ჩართული. ეს უნდა იყოს სხვადასხვა განშტოება ხელისუფლებისა (პრეზიდენტის გარდა) და ერთგვარი პარიტეტის პრინციპით შეიძლება დაკომპლექტდეს, როგორც საკონსტიტუციო კომისია. ორიდან ერთ-ერთ მოდელზე შეიძლება ფიქრი. მე პირადად მეორე ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში მე-6 დღეა 26 წლის მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე +306995779793 შეუძლიათ