ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში

ფაქტია, პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში, – ამ განცხადებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ხელისუფლებას პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი ევროინტეგრაციის გზაზე.

„როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე კი ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ჩავიდა მაგალითად, მიშელთან, ვერც მოახერხა და არც მოახერხა ქვეყნის პოზიციების დაცვა. პირიქით, მერე გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა, ათი რაღაც თქვა და რეალურად, ათივე სინამდვილეს იყო აცდენილი. რეალურად, ბრჭყალებში, დაასაბუთა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც პრეზიდენტს თვითონ არ სჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად წელშია გამართული და ასე მიდის ვიზიტით ბრიუსელში, იმან რა პროდუქტიული როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში?!“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ასეთი ქმედების მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ შესაძლოა, ის რაღაცებს სათანადოდ ვერ აანალიზებს, ან რაღაცების გამო ხიბლშია ჩავარდნილი, მათ შორის, გარკვეული გავლენების და ვიღაცების მხრიდან პრივილეგიების გამო.

„ვიღაცების მხრიდან პრივილეგიები შეიძლება, ქვეყნის შიგნით იყოს, შეიძლება, გარეთ. მართლა არ მინდა ამაში შესვლა. რატომ აკეთებს ამას პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ეს არის, ჩვენ რაღაც ლოგიკური დასკვნები შეიძლება, გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციაც არის, მაგრამ ამაში მე არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდუდა: რუსეთის ფედერაციამ უნდა წააგოს ომი უკრაინასთან, რათა ეს უკანასკნელი გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სხვადასხვა პრემიერის დროს, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, დაემკვიდრებინა პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი არსებითად, პოლიტიკურად ჩარეულიყო ელჩების დანიშვნაში, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ აქვს