ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი ფართო ფორმატში უნდა იყოს განხილული

პრეზიდენტის არჩევის წესიც ფართო ფორმატში უნდა იყოს განხილული და სავარუდოდ ეს მოხდება სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარტია ერთპიროვნულად შეიტანს.

„ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა საკონსტიტუციო ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. პრეზიდენტის არჩევის საკითხს ვერ განვიხილავთ სხვა ნორმებისგან იზოლირებულად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს. ჩვენ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს მიღებული ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს განხილვები შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, ყველა თავს კონსტიტუციის, მათ შორის – პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს. შესაბამისად, თითოეული მუხლი იქნება განხილვის საგანი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე – ომპლექსურად, ფართო განხილვის და რაც მთავარია, ფართო კონსესუსის საფუძველზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კონსიტუტციაში ქორწინების საკითხის განხილვას, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ქორწინება არის ერთადერთი საკითხი, რაზეც პარტიას სპეციალური ინიციატივა გვაქვს გაცხადებული.

„ეს ინიციატივა შესაბამისად იქნება მხარდაჭერილი ჩვენ მიერ, ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ლიდერმაც გააკეთა განცხადება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვინც მაგინებთ, ყველას ვინაობა და ფოტო მაქვს შენახული, ყველას დაგივლით”
შემდეგი სტატიაკონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას