ირაკლი კობახიძე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მისვლის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მისვლის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ის მადლობას უხდის მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან.

”თქვენ იცით, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი შეუდგა მუშაობას, ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო ფორმატში სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან. ძალიან სიღრმისეული განხილვები, დისკუსიები შეეხებოდა როგორც ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ასევე, ლარის კურსს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, ქართულ ეკონომიკასთან და საფინანსო სექტორთან. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, რისთვისაც კიდევ ერთხელ მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვქონდა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ განხილვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამას, ეს თანამშრომლობა ეკონომიკურ გუნდთან კიდევ გაგრძელდება. საუბარი იყო უმცირესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრაზე და ამასთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი გაჟღერდა პოზიცია ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მხრიდან. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას დასწრებოდნენ, რომელზეც ლარის გაუფასურების საკითხზე იმსჯელებდნენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების წესის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს
შემდეგი სტატიაე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს