ირაკლი კობახიძე – ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას

ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოხანაშვილის კანდიდატურას უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

„რამდენიმე დეპუტატმა ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, იქ იყო პრინციპში პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი უმრავლესობით მიიღო, ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს. კრიტერიუმები იყო ობიექტური, ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, მათ შორის გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე.

„ჩვენ გვექნება სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ სესიის განმავლობაში, მათ შორის გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი იქნება. ასევე გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე. ოთხი სხვადასხვა მიმართულება გამოიყო, რომელშიც მისაღებია შესაბამისი კანონები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო პროცესი წარიმართება საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებითაც.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ანრი ოხანაშვილის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშისაბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ, ისწავლონ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მასალა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – ის უნდა დაისაჯოს, ვინც პირველმა დაარღვია პირადი ცხოვრების საიდუმლო და ფარული კადრები დაამზადა