ირაკლი კობახიძე: პარტიები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ

მოლაპარაკების ამოცანაა, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწეროს. ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავმიჯნავთ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთისგან მათი დამოკიდებულების მიხედვით, ამის უფლება არ გვაქვს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა მოლაპარაკების დასრულებას უნდა დაელოდოს.

„დაველოდოთ, დარჩენილია სულ რაღაც ერთი დღე. მოლაპარაკების დასრულებას დაველოდოთ და ვნახავთ, ვინ რას მოაწერს ხელს. ჩვენი სურვილია, რომ დოკუმენტს ხელი, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ მოაწეროს და ისინი პარლამენტში ვიხილოთ. ჩვენი სურვილია, პარლამენტში ყველა ის პოლიტიკური პარტია ვიხილოთ, რომელიც არ იქნება ამბოხის სცენარის შემადგენელი ნაწილი და რომელიც არ არის იმის შემადგებელი ნაწილი, რაც ხდებოდა გუშინ საღამოს „მთავარი არხის“ ეთერში. ეს არის მიუღებელი და ამას უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური პარტიები. ვინც გაემიჯნება, ის უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარეს.

„შეიცვალა ის, რომ გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარეს, ამიტომ, პარტიები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. თუ ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები უარს ამბობენ მანდატებზე, ძალიანაც კარგი. მათ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდებათ პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. ის პარტიები, რომლებიც არ არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები და არ იქნებიან მონაწილეები ამ ამბოხის სცენარის, ისინი ასეთ განცხადებას არც წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში მარტივად იმიჯნება და იკვეთება ზღვარი ასეთ პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმ პარტიების ადგილი, რომლებიც უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და ქართულ ინსტიტუტებს და ამბოხის სცენარი ამოძრავებთ, ასეთი პარტიების ადგილები პარლამენტში არ არის. ასეთი პარტიების ადგილი არის სხვაგან, მაგრამ არა საქართველოს პარლამენტში. თუ დეპუტატი განცხადებას დაწერს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს განცხადება პარლამენტის გადაწყვეტილებით მას დაუკმაყოფილდება“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ, ეს არის ფსკერი
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ Facebook-ზე პოსტი ქართული ოცნების თხოვნით დაწერა