ირაკლი კობახიძე – პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებულიკანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტში შესულია ორი კანონპროექტის პაკეტი, რომელიც ამ ორივე საკითხს მოიცავს. მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.

„რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. მთავარი არის საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, მათ შორის იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია იმოქმედოს საზოგადოების განწყობის შესაბამისად. „შემოსულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ საზოგადოების განწყობის შესაბამისად. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. ინფორმირებას სჭირდება დრო და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 2 ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, 2 კანონპროექტის პაკეტია ინიცირებული. შს სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსია
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოში 9 კანდიდატია რეგისტრირებული