გიგლა ბარამიძე: ირაკლი კობახიძე ოთახში ჩაიკეტა და რამდენიმე საათი არ გამოდიოდა

რა შეცდომები დაუშვა “ოცნებამ”, რა შემთხვევაში შეიძლება მათი და ნაციონალების პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვება, რატომ ჩაიკეტა ოთახში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რატომ გვერევა ერთმანეთში მონობა და დემოკრატია? -ამის შესახებ “ახალ თაობას” “ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

-შექმნილ ვითარებას რომ ვუყურებ, ერთი ასეთი ანალოგია წამომიტივტივდა. ჩვ. წ. აღ-მდე სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ბერძნებმა თემისტოკლეს მეთაურობის სასტიკად დაამარცხეს სპარსელები, რის შემდეგაც ქსერქსემ თავის მსახურს უთხრა, რომ ყოველ სადილზე შემახსენეგახსოვდეს ელადა.
მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას”-დაგავიწყდათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დაგავიწყდათ სამართლიანობის აღდგენა, დაგავიწყდათ, რომ ხალხისთვის ცხოვრების პირობები უნდა გაგეუმჯობესებინათ, დაგავიწყდათ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა შეგექმნათ, მაგრამ ავსტრალიელი ველური ტომების ბუმერანგის პრინციპი მაინც როგორ არ გახსოვთ? რამ დაგავიწყათ, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი?
სწორედ ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდათ უკან კოჰაბიტაცია. იმედია, ახლა მაინც ხვდებიან, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა არც 26 მაისი და არც 7 ნოემბრის დარბევები ბოლომდე არ გამოუძიეს.
_ თქვენი აზრით, ეს დარბევები რომ გამოეძიებინათ, აღარ იქნებოდა სისხლიანი 20 ივნისი?
_ სისხლიანი 20 ივნისი შეიძლება მაინც დამდგარიყო, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც ამდენი უბედურება აქვთ ჩადენილი, ჩვენი საამაყო ახალგაზრდების გვერდით არ იდგებოდნენ.
ძალიან კარგი სანახავია, როცა ახალგაზრდები დგანან მიტინგებზე, მათი სიმამაცე და თავდადება პატივისცემას იწვევს, მაგრამ, ამავე დროს, საშინლად დამთრგუნველია როცა ამ მიტინგის თავში და ბოლოში იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩნდებიან, რომელთა სინდის-ნამუსზეა უამრავი ადამიანის დასახიჩრება და წამება.
ჩვენს დღეს ვიმყოფებით ტრაგიკომიკურ ვითარებაში. გამიგია სოფოკლეს ტრაგედიები, გამიგია მოლიერის კომედია, მაგრამ, როდესაც ადამიანის უფლებებზე 26 მაისის და 7 ნოემბრის დარბევების შემოქმედნი გელაპარაკებიან, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
ტრაგიკომედიაა, ასევე, როდესაც სანდრა რულოვსის თანაშემწე ინიშნება პარლამენტის თავმჯდომარედ. მანამდე ადეიშვილის სამჭედლოში გამოწრთობილი ქალბატონი დანიშნეს სახელმწიფო ინსპექციის უფროსად.
ასევე ტრაგიკომედია იყო, როდესაც პარლამენტის წინა თავმჯდომარის გადადგომის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. არაადეკვატურობის ზეიმი იყო ის, რაც მაშინ ირაკლი კობახიძემ მოიმოქმედა. როდესაც მისი გადადგომა გადაწყდა, ეს ახალგაზრდა ოთახში ჩაიკეტა და რამდენიმე საათი იქიდან ვერ გამოჰყავდათ. აი, მაშინ გახდა კახა კალაძე იძულებული, სპიკერის გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება.
როდესაც ასეთი რაღაცები ხდება და ამას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ, მაშინ ნუღარ გვიკვირს ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს.
ტრაგიკომედიაა, როცა მთელი ლიბერტალიანური მიმართულებაა `ოცნებაში~ იმაზე სამუშაოდ, თუ როგორ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები. ამას ყველაფერს თავად ხელისუფლება უწყობს ხელს.
ამათ შემხედვარეს, უნებურად ორი მაგალითი გამახსენდა ისტორიიდან. როდესაც ბიზანტიის იმპერია ანუ კონსტანტინეპოლი 1453 წელს დაეცა, მისი დამცველი, იცით, რამდენი იყო? მთელ ამ ქალაქ-სახელმწიფოში მხოლოდ 4.500-დან 6.000-მდე მეომარი ძლივს შეიკრიბა.
იცით, რატომ ვერ შეიკრიბა ამაზე მეტი მეომარი? იქ ისე იყო გახრწნილი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ჯარიც კი არ ჰყავდათ ნორმალური.
მაშინ ლიბერტალიანობა ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი რიგი მიმართულებები იყო. ბიზანტიის სახელმწიფო ისე იყო ფუფუნებაში და კორუფციაში ჩაფლული, რომ ტრადიციებზეც კი უარს ამბობდნენ, ამბობდნენ, რად გვინდა რელიგია, ჩვენ უარს ვამბობთ ღმერთებზე, ქრისტიანებს გვინდა მრავალცოლიანობა. რა საჭიროა ჯარი, მთავარია, ვიყოთ მდიდრები.
ბარემ ისიც ვთქვათ, ვინ დაანგრია კონსტანტინეპოლი. ეს ქალაქი-ციხესიმაგრე გარედან ძალიან გამაგრებული იყო და ოსმანთა ურდოები შიგ ვერაფრით ვერ შეცვივდნენ. მერე მათ გამოიყენეს უნგრელი ქრისტიანი არქიტექტორის, ურბანის აგებული ქვემეხი, რომელიც 12 მეტრის სიგრძის იყო და 500 კილოგრამი სიმძიმის რკინის ჭურვების სროლა შეეძლო.
ერთ-ერთმა ჭურვმა შეანგრია ეს კედელი და 200.000-იანი ურდო იქიდან შევარდა. მათთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინ იყო და მეჰმედ მეორის ურდოებმა იქაურობა სულ ააოხრეს.
ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე ურბანი კონსტანტინეპოლის მმართველთან მივიდა და უთხრა, ადრე თუ გვიან მოგიწევთ თავის დაცვა და ჩემი ინჟინრებით გამომიყენეთო. პასუხად რა უთხრეს კორუფციაში ჩაფლულმა ბიზანტიელებმა _ ჩვენ ამდენ ფულს სამხედრო ძლიერებისთვის ვერ დავხარჯავთ, არ გვჭირდებიო.
წავიდა ურბანი სულთანთან და მისი ცოდნა ბუმერანგივით შეუტრიალდა კონსტანტინეპოლს.
დაახლოებით ასევე იყო გახრწნილი ფინიკიის სახელმწიფო. მათი მხედართმთავარი ჰანიბალი რომაელ დამპყრობლებს თავდაუზოგავად ებრძოდა. ერთხელაც მან მდიდარ ფინიკიელ ვაჭრებს დახმარება სთხოვა. მათგან უარი მიიღო, უთხრეს, შენ გარეშეც კარგად ვივაჭრებთ რომთანო.
მართლაც ივაჭრეს რომთან, გაყიდეს ფინიკია, მაგრამ რა მიიღეს? რომაელებმა ფინიკია მიწასთან გაასწორეს. მიწასთან გაასწორეს ის ფინიკიელი ვაჭრებიც, რომლებმაც ჰანიბალს დახმარებაზე უარი უთხრეს.
ბიზანტიისა და ფინიკიის ამბები ბევრ რამეზე მეტყველებს, პირველ რიგში, იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფო აზროვნება კორუფციაში ჩაიხრჩობა, როცა რაღაც გაურკვეველი იდეით შენვე ხრწნი სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყანა თავზე დაგვენგრევა.
_ გინდათ თქვათ, რომ ახლა ჩვენ სახელმწიფო გვენგრევა თავზე?
_ აბა რა ხდება. ყველანი ვხედავთ, რომ ამ გზას ვადგავართ. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან `ოცნებამ~ უამრავი შეცდომა დაუშვა და უამრავი სისულელე ჩაიდინა. ახლა ეს ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდება. სამწუხაროა, რომ ეს ბუმერანგი, `ოცნებასთან~ ერთად, სახელმწიფოსაც ხვდება.
_ სისულელეები აკეთესო, ამბობთ და სისულელეებს არც ახლა აკლებენ. წინა კვირას პრემიერმა ისეთი განცხადებები აკეთა, ქვეყანა სახტად დატოვა. იმაზე არაფერს ვამბობ, დარბევამდე 7 წუთით ადრე რომ იძახდა, ჩვენი ხელისუფლება რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს არ გამოიყენებსო.
_ ესეც იმ ოპერიდან არის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. როგორ შეიძლება, პრემიერს არ სცოდნოდა, დარბევაზე ცრემლსადენი გაზი რომ იქნებოდა გამოყენებული. თუ არ იცოდა, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა.
_ პრემიერმა განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. ამაზე რას იტყვით?
_ მიშას თავისი ტვირთიც ეყოფა და ამას ნუ დავაბრალებთ, მაგრამ, რადგან ამ ადამიანს ახსენებენ, მინდა ვკითხო ხელისუფლებას, რატომ არ არს ის აქამდე დაკავებული?!
რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული მისი ხელისბიჭები, რომლებიც ახლა ოფიციალური მილიონერები არიან? იქნებ ისიც აგვიხსნან, რატომ შეწყდა მათზე ძებნა?!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რასაც ახლა `ოცნება~ იმკის, არის ბუმერანგის პრინციპი. მთელი 7 წელი სისულელეები აკეთეს და ახლა ეს ხვდებათ კბილებში მწარედ.
როდესაც უვიც და გამოუცდელ ადამიანებს ნიშნავ პრემიერებად, ხომ უნდა იცოდე, რომ ის სისულელეს ჩაიდენს ან იტყვის.
ახლა რომ გვეუბნება ხელისუფლება, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის შტურმით აღება იგეგმებოდაო, აქამდე სად იყვნენ? ყველას საუბრებს იწერენ და ეგ რატომ ვერ გაარკვიეს, რომ, როგორც თავად ამბობენ, შტურმი იგეგმებოდა?
_ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა რაღაცა შედეგი გამოიღო. ხელისუფლება მზად არის, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. ოპოზიციის ნაწილმა ეს დადებითად შეაფასა. თქვენი პარტია რას ფიქრობს ამაზე?
_ ეს არის ერთადერთი ნორმალური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი პარტია მხარს უჭერს. `ქართულ ოცნებას~ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის უნდოდა, მაგრამ ახალგაზრდების პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო. `ოცნება~ მიხვდა, რომ 2024 წლამდე ვერ გაქაჩავდა და დათმობაზე ამიტომ წავიდა.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა.
ეს ძალები პარლამენტში თუ მოხვდებიან, აუცილებლად დასრულდება `ოცნებისა~ და ნაცების კოჰაბიტირებული შეხმატკბილებული ცხოვრება.
_ “ოცნება” ახლა ამბობს, რომ ნაციონალებთან კოჰაბიტაცია შეცდომა იყოო?
_ ახლა ისინი იმეორებენ იმას, რასაც ჩვენ 2013 წლიდან ვეუბნებით. აქამდე გვიმტკიცებდნენ, რომ კოჰაბიტაცია ქართული დემოკრატიისთვის იყო აუცილებელი. კარგია, იმას მაინც თუ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს.
_ ამბობენ, კოჰაბიტაცია შეცდომააო, მაგრამ სპიკერად, როგორც ზევით აღნიშნეთ, სანდრა რულოვსის თანაშემწე თალაკვაძე დანიშნეს, რომელიც კირკიტაძის მარჯვენა ხელიც იყო.
_ ეს საერთოდ ანეკდოტია. როგორ შეიძლება, არჩილ თალაკვაძე იყოს პარლამენტის თავმჯდომარე?! ესეც მათი მორიგი შეცდომაა, მაგრამ სხვა გზაც არ აქვთ -კადრები არ ჰყავთ.
ამ კადრებთან დაკავშირებითაც არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას. არც მაშინ მოგვისმინეს და ამიტომაც არიან ასეთ შავ დღეში.
ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს. ხმამაღლა ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების დაუძინებელი ოპოზიცია ვართ, მაგრამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე როგორმე უნდა მივიდეთ.
ასევე მიგვაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ეს უწყებები ისედაც ჩამოშლილია და დამატებით რყევებს ვერ გაუძლებს.
ჩემი ეს განცხადება ვიღაცამ შეიძლება ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებად მიიღოს, რაც ასე არ არის. ჩვენ ვართ შეურიგებელი ოპოზიცია და, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, არც ამ და არც წინა მთავრობასთან გარიგებაში არ შევსულვართ.
_ ვინ გაურიგდა მთავრობას?
_ ბევრი და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ვიმეორებ, ახლა მთავარია, 2020 წლამდე მშვიდობიანად მივიდეთ. პროპორციული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ 2020 წელს ნაცებიც და ქოცებიც პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ.
ამ ორი ძალის მიმართ ხალხს აქვს მიუღებლობა. ეს დამოკიდებულება ტერენტი გრანელის ლექსს მაგონებს, სადაც პოეტი ამბობს _ `არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა~. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ასეთი რამ შეიძლება ითქვას _ არა ქოცები, არა ნაცები, არამედ რაღაც სხვა.
როდესაც კოჰაბიტირებულები პოლიტიკურ მოუსავლეთში წავლენ, კეთილი უნდა ვინებოთ და სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ.
ფსიქიკით არ უნდა დავემსგავსოთ იმ მონებს, რომლებსაც თავისუფლება კი არ სურთ, არამედ უნდათ, რომ თავად ჰყავდეთ მონები, ხოლო თუ ასეა, მაშინ რა განსხვავებაა ჩვენსა და ჩვ. წ. აღ-მდე არსებულ ათენის დემოკრატიულ-მონათმფლობელურ რესპუბლიკას შორის. იქ, ერთი მხრივ, დემოკრატიას ქადაგებდნენ და, მეორე მხრივ, ჰყავდათ მონები.
დღეს ჩვენთანაც ასეთი სიტუაციაა. დემოკრატიზმი სხვების დასანახად გვინდა, სინამდვილეში კი მონური ფსიქიკით ვცხოვრობთ.
ეს სოციალური ქსელებიდანაც ნათლად ჩანს. ადამიანები ეძებენ მესიას, უნდათ, რომ მას ხელზე ემთხვიონ და ფეხზე აკოცონ. ასეთი ფსიქიკით ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.
ამ ფსიქიკის შეცვლას დრო დასჭირდება. ნაცებისა და ქოცების დასრულება 2020 წელს შეიძლება, ოღონდ მანამდე არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ. იმედია, მანამდე ხელისუფლება ისეთს არაფერს ჩაიდენს, რომ ქვეყანა თავზე დაგვემხოს.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგახარიამ ივანიშვილს ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელი მასალები გადასცა
შემდეგი სტატიალევან იზორია – 20 ივნისის ღამეს ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა და რა გახდა ამის მიზეზი, ეს არის გამოძიების პრეროგატივა