ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს, ახლა თემა დახურულია

ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, თუმცა ამაზე ითქვა უარი, ახლა თემა დახურულია, საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას ითხოვენ.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემა დახურულია და მუშაობა იმ კანონმდებლობით გაგრძელდება, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა.

„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. რეფორმა დასრულებულია, ეს თემა არის დახურული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მილიონი ადამიანის ხელმოწერას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების გეგმავენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს უწოდებდა ზუსტად ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფერენდუმს. იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენ ძალიან მყარად მოვიგეთ მუნიციპალური არჩევნები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

21-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მოითხოვა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიყოფილი სპეცრაზმელი – უშუალოდ ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, ტელეკომპანია „იმედში“ ყველაფერი დაგვემტვრია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ვიზრუნოთ