საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის ქმედებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის სახით საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ ჩვეულებრივ უცხოურ აგენტურასთან. მისი შეფასებით, „პატრონების წინაშე“ პირველობისთვის ბრძოლისა და შიდა კონკურენციის გამო, ისინი წლების წინ არსებული წარმატების შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებენ და ეს აგენტურა ამჟამად მოშლილია.
„შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას, სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი – ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.















