ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლითაც აღნიშნული პოლიტიკური პარტია, გიორგი რურუას გათავისუფლებას სახელისუფლო პარტიას ავალდებულებს.

„გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის ჩვენს ხელში. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების სფეროა. საქართველოში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვინმეს დაპატიმრების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რურუას გათავისუფლების თაობაზე საკითხს აყენებს, ადრესატი არ შეიძლება იყოს მმართველი პარტია. ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და ეს მათ უნდა შეიგნონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრმა ასევე განმარტა თუ რატომ ხდება ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიება.

„ტერმინი „პოლიტპატიმარი“ რამდენიმე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაში გაჩნდა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტები აკეთებენ საკუთარ განცხადებებს, როგორიცაა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიმე ევროპული ინსტიტუტი და სხვა, ისინი სხვაგვარად ეკიდებიან საკუთარ განცხადებებს და ნებისმიერი ასეთი განცხადება ბევრად უფრო რთულ გადამოწმების პროცესს გადის, რაც ცალკეული პოლიტიკოსების შემთხვევაში არ ხდება. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტები ზუსტად იმ პოზიციას აფიქსირებენ, რაც სინამდვილეს შეესაბამება. საერთაშორისო ინსტიტუტრებმა ძალიან კარგად იციან ვინ არის გიორგი რურუა და ვინ არ არის გიორგი რურუა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა დგებუაძე – ჩვენი მიზანია, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი რურუა პატიმრობაში რჩება-პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დაყენებულა