პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
კობახიძემ ამის შესახებ პარტიის ყრილობის შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის მთავრობის თითეულ წევრს. პირველ რიგში, ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და მინდა ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, რომ მთავრობის თითეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.