ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ “რუსთავი 2”-ს, ბოდიში მოუხადონ მაყურებელს სიცრუის ტირაჟირებისთვის

მოვუწოდებთ “რუსთავი 2″-ს, ბოდიში მოუხადონ მაყურებელს სიცრუის ტირაჟირებისთვის, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტელეკოპმპანია კვლევის არასწორ შედეგებს ავრცელებს და მაყურებელი შეცდომაში სპეციალურად შეყავს.

„ჩვენ გვაქვს კვლევის შედეგები. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ქვეყნდება ალტერნატიული კვლევის შედეგებიც. არც ერთ რეიტინგში არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ის მაჩვენებელი, რომელიც იქნა დაფიქსირებული “რუსთავი-2”-ის მიერ. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნა პირველ ადგილზე არის ისეთი სიყალბე, რომელიც ყველასთვის არის ნათელი. ჩვენ სხვადახხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ვახორციელებთ საარჩევნო ანალიზს, რაც მიგვანიშნებს, რომ რამდენჯერმე უსწრებს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” რეიტინგში. ეს დადასტურდება საბოლოო ჯამში 8 ოქტომბერს, როდესაც დაფიქსირდება არჩევნების შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ“ – განაცხადა კობახიძემ.

ამას გარდა, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის სხვაობა დაახლოებით სამმაგია.

“ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მაგალითად გარდაბნის არჩევნების წინაც. მაშინაც ქვეყნდებოდა “რუსთავი 2”-ის მიერ რეიტინგები, მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიდექით ერთ დონეზე. ამის საფუძველზე მაშინდელი შტაბის უფროსი “ნაცმოძრაობის” – კირკიტაძე აცხადებდა, რომ გარდაბანში დაიწყებოდა “ქართული ოცნების” დასასრული, თუმცა, იქ აღმოჩნდა, რომ სამმაგი სხვაობით მოვიგეთ არჩევნები. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მარტივ სიყალბესთან. ყველამ იცის, რომ “ნაცმოძრაობის” რეიტინგი არის ძალიან დაბალი. საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტზე მეტი ნამდვილად არ აძლევს ხმას საქართველოში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უამრავ ბინძურ დანაშაულში აქვს მიღებული მონაწილეობა. ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და შესაბამისად, ნაცმოძრაობის 30 პროცენტიანი რეიტინგი არის გამორიცხული საქართველოში. ასეთ დონეზე არ არის ჩვენი საზოგადოება დასული, მადლობა ღმერთს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მან “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა გაამჟღავნა.

“ნიკა გვარამია გამოვიდა რამდენიმე დღის წინ. 12 წუთის განმავლობაში ის საუბრობდა იმაზე, თუ რა კარგია რევოლუციური სცენარი, რა კარგია რევოლუცია და როგორი ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. მას წამოცდა პრაქტიკულად ის გეგმა, რომელიც ჩაფიქრებული აქვს “ნაცმოძრაობას”, ნიკა გვარამიას. ეს იყო მისი წამოცდენა და ამ სიტყვებს უკან ბუნებრივია, ვეღარ წაიღებს”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “თუ ვინმე ინდუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მაშინ ,,რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ ვერსიას განვავითარებ”
შემდეგი სტატიასოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან