ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არც ერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა, მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმაა დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი. საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი, იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ეს არის მთავარი ამოცანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც სათანადოდ ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე ეფექტიანი.

„იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიის პრეზიდენტი: პედოფილიის აღმოფხვრა შესაძლებელია ქიმიური კასტრაციით
შემდეგი სტატიაჯონ კერიმ ეკვადორის საელჩოს ასანჟისთვის ინტერნეტის გათიშვა სთხოვა