ირაკლი კობახიძე : მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ კუთხით შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა.
კობახიძე ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი არ უნდა იყოს პარტიის მიმართ ლოიალობა, არამედ პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოს მიმართ ლოიალური.
“კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ არ გვინდა.
პარტიის და “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბროს.
„დღეს როგორც ვიცით იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან, შესაბამისად მისგან მოვისმენთ ბუნებრივია მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშრებითაც და ალბათ ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილიში პარკირების გადასახადი იზრდება
შემდეგი სტატიასაბერძნეთში, ხანძრის ზონაში საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება