ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე – რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსულ წერილთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განმარტება გააკეთა.

„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაული ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ კანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედე კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პარლამენტისა წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია