ირაკლი კობახიძე – მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როცა წევრობიდან თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს

მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება და ეს „იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნითაა“.

„ისინი [გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რადგან მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ახლა ოფიციალურადაც, კიდევ უფრო ახლოვდება მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, სურს თავიდან მოშორება მელიასი, რომელიც დღემდე ისედაც „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა. რეალური ლიდერი არც მელია იქნება, არც მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში კვლავ სააკაშვილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი – ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს
შემდეგი სტატიაომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო ცუდ რაღაცებს გაიგებს ქართული საზოგადოება – კობახიძე